ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 12-ში მდებარე ისტორიული შენობის ფასადზე მიმდინარე სამუშაოებს ეხმაურებიან "ძლიერი საქართველო ლელოს" წევრები

06 სექ 2026

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 12-ში მდებარე ისტორიული შენობის ფასადზე სამუშაოები მიმდინარეობს. მე-19 საუკუნეში აგებულ შენობის ფასადს რესტავრაცია უტარდება, შენობა კომპანია „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის.

„ძლიერი საქართველო ლელოს“ წევრები აცხადებენ,  რომ შენობის პირვანდელი იერსახე შეიცვალა, ახლა კი მიმდინარეობს ფასადის ფერის შეცვლის სამუშაოები, რაც მათი თქმით,  ამახინჯებს შენობის ისტორიულ სახეს. გენო თებიძეს აინტერესებს რამდენად შეესაბამება მიმდინარე სამუშაოები კანონით დადგენილ მოთხოვნებს და თუ შუასაბამოა რა რეაგირება ჰქონდა სააგენტოს? პოლიტიკოსის შეკითხვების ადრესატი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა.

სააგენტოში ამბობენ, რომ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ფასადის სამღებრო სამუშაოებზე ნებართვა გაცემული არ არის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და სამუშაოების მწარმოებელ პირებს მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება უნებართვო სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე.

„სამართალდარღვევის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შემდეგ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის საფუძველზეც შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღება“ - განუცხადეს სააგენტოში აჭარის მაუწყებელს.