06 სექ 2026
ზღვა, რომელიც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და დერეფნები, რომლებიც ტვირთს ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადაადგილებს - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმი სწორედ ამ შესაძლებლობების განხილვის ცენტრი იქნება. ქალაქში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხვალ დაიწყება, რომლის მთავარი ყურადღებაც „შუა დერეფანს“, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალსა და საქართველოს როლს უკავშირდება.
ფორუმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება, საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმაა. ბათუმში რამდენიმე ათეული ქვეყნიდან 300-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა. მათ შორის არიან საზღვაო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და მთავრობის წევრები.
ფორუმის წლევანდელი მთავარი გზავნილი სწორედ კავშირია — ზღვებსა და სატრანსპორტო დერეფნებს შორის. საქართველოსთვის ამ კავშირში მნიშვნელოვანი ადგილი „შუა დერეფანს“ უკავია. დღის წესრიგშია გლობალური ვაჭრობა, პორტების განვითარება, ახალი სატრანსპორტო კავშირები და ტექნოლოგიები, რომლებიც საზღვაო სექტორის მუშაობას ცვლის.
ფორუმის დღის წესრიგი მხოლოდ მიმდინარე პროცესებს არ მოიცავს. საუბარი იქნება იმაზე, როგორ იცვლება საზღვაო სექტორი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და რა სჭირდება რეგიონს, რომ ახალი შესაძლებლობები რეალურ ეკონომიკურ სარგებლად იქცეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურიც იქნება. მისი განვითარება რეგიონულ სატრანსპორტო ქსელთან და შავი ზღვის დერეფანთან კავშირში განიხილება. ორი დღის განმავლობაში ბათუმში ხუთ პანელურ დისკუსიას გამართავენ. ბათუმი ამ ორი დღის განმავლობაში არა მხოლოდ საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლებს - ქალაქი იმ სივრცედ იქცევა, სადაც რეგიონული სატრანსპორტო კავშირებისა და გლობალური ვაჭრობის მომავალი განიხილება.