ევროკავშირთან არ გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს - პაპუაშვილი

09 სექ 2026

ბრიუსელი მოქმედებს ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ევროპასთან, ევროკავშირთან, ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უნდა ძლიერი და სამართლიანი ევროკავშირი, რომელსაც ხელს უშლის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია.

„ის არჩევნების შედეგები, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ – რა იყო ისლანდიის რეფერენდუმი, თუ არა იმის დადასტურება, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ. ისლანდიამ, რომელიც ყველანაირად დაკავშირებულია ევროკავშირთან, ფაქტობრივად, მათ ერთი ფორმალური ნაბიჯი აკლიათ, რომ ევროკავშირის წევრი ერქვათ, თორემ სხვა მხრივ, ყველანაირად დაკავშირებული არიან. წარმოგიდგენიათ, ასეთი ინტეგრაციის ხარისხზე არიან და მათაც კი შეეშინდათ არათუ წევრობა, რეფერენდუმი შეეხებოდა მოლაპარაკებების განახლებას, მოლაპარაკებების განახლებისაც კი შეეშინდათ, რადგან მიხვდნენ, შეიძლება რაღაც რისკი შემოვიდეს.

საუბარია, თითქოს ევროკავშირს თევზჭერის მკაცრი რეგულაციები აქვს და ისლანდიელებმა თევზჭერას გადააყოლეს ევროპული მომავალი, ამას საუბრობს დღეს ოპოზიცია. ევროკავშირი სთავაზობდა ისლანდიას, რომ მათ დაუწესებდა სპეციალურ გამონაკლის რეგულაციებს, ცალკე შეთანხმება ექნებოდა თევზჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ისლანდიის ინტერესებს გაითვალისწინებდა. სწორედ ეს არის მთავარი, ეს პირობა მისცა ბრიუსელმა და ამ პირობას არ ენდო ისლანდია. ნდობა აქვს დაკარგული ბრიუსელს ყველას თვალში, ქართველი ხალხის თვალშიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი, როგორც ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიზანია, რომ ბრიუსელის პოლიტიკა შეიცვალოს.

„ჩვენ ვცდილობთ, ბრიუსელმა შეცვალოს თავისი კურსი. ბრიუსელის ბიუროკრატიის დღევანდელი შემადგენლობა რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას აშშ-ის ადმინისტრაციაც ზუსტად ამას ამბობს ამდენი ხანია. ჩვენი, როგორც ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიზანი მათ შორის არის, რომ ბრიუსელის პოლიტიკა შეიცვალოს.  თუ უნდათ, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ პოლიტიკა. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ ვერ ვიქნებით ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი, რომელსაც არეული აქვს საგარეო პოლიტიკა, არავინ პატივს აღარ სცემს საგარეო პოლიტიკაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს არც კი ხვდება, ერთხელაც არ შეხვედრია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს ხომ ყველაფერზე მეტყველებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა ძლიერი და სამართლიანი ევროკავშირი, რომელსაც ხელს უშლის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.