09 სექ 2026
2026 წლის 8 სექტემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ყოველწლიური ანგარიშის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა გააკეთეს განცხადებები. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მათ შორის,საქართველოსთან მიმართებით.
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ გააკეთა განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით.
„სამწუხაროდ, ამ საბჭოში გაკეთებულ განცხადებებში, კვლავ გვხვდება საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივები. მსგავსი შეფასებები რეალობას ამახინჯებს, ვინაიდან სათანადოდ არ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გამჭვირვალობა, ღია მმართველობა და კანონის უზენაესობა.
საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთგულია და მზად არის შინაარსიანი დიალოგისთვის", - განაცხადა ევროკავშირის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.