10 სექ 2026
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.
სუს-ის ცნობით, მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
გეკა გელაძესა და ალი ნაგიევს შორის შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.