13 სექ 2026
ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, მარშრუტების ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება. სააგენტო წერს, რომ შეთანხმება მხოლოდ ირანსა და ომანს შორის არის გაფორმებული.
ასევე მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ახალი შესასვლელი და გასასვლელი მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომსლის გახსნასაც აშშ მოითხოვდა.
ირანული სააგენტოს წყარო ხაზს უსვამს, რომ ირანსა და ომანს შორის მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას არ ნიშნავს. ამავე წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტის საბოლოოდ გახსნა დამოკიდებული იქნება აშშ-ის ქმედებებზე, შეასრულებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მიერ წამოყენებულ შვიდ პირობას.