ხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დღეს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა

13 სექ 2026

ხინოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დღეს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. ტრადიციულ ღონისძიების დღის პროგრამა პარაკლისით დაიწყო. მოგვიანებით სტუმრებისთვის გაიმართა კონცერტი.
„ხინოწმინდობის“ ფარგლებში პატივი მიაგეს ღირსეულ ხინოწმინდელებს და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

საუბარი შეეხო ხინოწმინდის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, ასევე იმ პროექტებს, რომლებიც ისტორიული კომპლექსის განვითარებასა და მთის გაძლიერებას ემსახურება. ცნობისთვის, ხინოწმინდა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ცენტრი იყო.
„ხინოწმინდობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ ისტორიული ადგილის პოპულარიზაცია, მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და ტრადიციების შენარჩუნებაა. სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ ყოველწლიურად იმართება და მას ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სტუმრებიც ესწრებიან.