ახალი სატელევიზიო სეზონი 

14 სექ 2026

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო პირდაპირ ეთერს დაუბრუნდა.

აჭარის ტელევიზია და რადიო მაუწყებლობას შეცვლილი მისამართიდან — ტბელ აბუსერიძის N5-დან განაგრძობს. მაუწყებლის საეთერო ბადე ახალი და ძველი პროექტებითაა დატვირთული.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ირაკლი კიკვაძის განმარტებით, გადაცემები, რომლებიც ახალ სეზონზე ეტაპობრივად გავა ეთერში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებსა და პრინციპებს სრულად აკმაყოფილებს.

შეცვლილია გადაცემების ვიზუალური და მუსიკალური შეფუთვაც. მოეწყო ახალი სტუდიები და სამუშაო ოთახები.

სიახლეა საინფორმაციო სამსახურშიც. საინფორმაციო გამოშვებები დილის 9:00 საათზე დაიწყება, მთავარი გამოშვება კი 20:00-ის ნაცვლად, 21:00 საათზე გავა ეთერში.

21 სექტემბრიდან ეთერში ახალი გადაცემა „ახალი დილა“ გავა, შუადღის ეთერს კი „შეხვედრის დრო“ დაიკავებს.

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, სიახლეა მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის მიმართულებითაც. ახალი შენობის ასაშენებლად ტერიტორია უკვე გადმოცემულია. ლეონიძის ქუჩის N15-ში, სამი წლის განმავლობაში, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი სამაუწყებლო სივრცე მოეწყობა.