ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც დიდი სტუმართმოყვარეობაა, თბილისი დიდებული ქალაქია, ბედნიერი ვარ, რომ პროექტი განხორციელდება საქართველოში - ერიკ ტრამპი

15 სექ 2026

ჩვენ როცა ვუყურებთ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, ბუნებრივ სილამაზეს, ეს არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა, პროექტებს როცა ვახორციელებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი,- ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.

როგორც ერიკ ტრამპმა აღნიშნა, საქართველო ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და მოხარულია, რომ პროექტი განხორციელდება საქართველოში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ.

„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მთელს გუნდს. ეს ყველაფერი დაიწყო მარალაგოში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკას, ვუსმენდით ეკონომიკის მინისტრს, ყოველწლიურად 10 პროცენტით მზარდი მშპ, საქართველო ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო სწარაფად იზრდება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება. ჩვენ როცა ვუყურებთ საქართველოს კულტრულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, რადგან ეს არის გზაჯვარედინი, როცა ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს, ეს არის ქალაქი, ყველას აქ უნდა ყოფნა. ჩვენ პროექტებს როცა ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი, რადგან ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის დიდი სტუმართმოყვარეობა. ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები და ეს მართლაც უმნიშვნელოვანესია. ნამდვილად მინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი.

ადგილმდებარეობა არის უმნიშვნელოვანესი და თბილისში ეს არის საუკეთესო ადგილი. თბილისი არის ნამდვილად შესანიშნავი და დიდებული ქალაქი მსოფლიოში და გვინდოდა, რომ რაღაც გაგვეკეთებინა აქ, რომელიც იქნებოდა წარმოუდგენლად კარგი. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე. ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი, ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. ნამდვილად მთელი გულით და სულით მინდა, მხარი დავუჭირო ამ პროექტს. პროექტზე მომუშავე მთელი ჩვენი გუნდი მზად არის , მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში. საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ეს შენობა იყოს საუკეთესო ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.  ჩვენ ვიცით რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილი, მინდა, ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ. მოველი, რომ ჩამოვიდე და განხორციელდეს ეს პროექტი“, - აღნიშნა ერიკ ტრამპმა.