20 სექ 2026
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში დატბორილ ტერიტორიებზე სალიკვიდაციო სამუშაოები, ბათუმის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა. პრობლემებთან დაკავშირებით ქალაქის მერიის ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა, ძირითადად ქუჩები და საცხოვრებლების პირველი სართულები დაიტბორა, მწვანე კონცხის, ურეხის, გონიო-კვარიათის მიმართულებით, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესებიც, 10 ლოკაციაზე ჩამოწვა მიწის მასა. მერიის ინფორმაციით, 2 ოჯახი საცხოვრებლიდან დროებით გაიყვანეს, რა დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ მოქალაქეებს ამაზე სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ უნდა იმსჯელოს.
წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვითარება ადგილზე მოინახულეს და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის მქონე ლოკაციებზე მივიდნენ. დატბორილ მონაკვეთებზე შეფერხებით მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი.
მარშრუტების ცვლილება ხორციელდებოდა გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და საჭიროებისამებრ იცვლებოდა. ელექტროავტობუსების გადაადგილება შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მათი გადაადგილება აღდგენილია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა სამსახურის 300 თანამშრომელი და 50 სპეცტექნიკა იყო ჩართული.