21 სექ 2026
ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ტერორისტული მიზანი პოლიტიკურ პროტესტთან ავტომატურად გააიგივა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ვკითხულობთ: „აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს.
როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს.
განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა - ნათქვამია ინფორმაციაში.