“ღამის სერენადები 2026“ - დასკვნითი კონცერტი თბილისში გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა

21 სექ 2026

ფესტივალ „ღამის სერენადები 2026“-ის დასკვნითი კონცერტი თბილისში, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგა მუსიკალური პროექტი „მორიკონე — კინოს ლეგენდა“, რომელიც საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ იტალიელი საყვირის შემსრულებელი, ლეგენდარული ვირტუოზი ნელო სალცა, პიანისტი გიორგი შიოლაშვილი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

პროგრამა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს, კინომუსიკას დაეთმო. კონცერტის ფარგლებში შესრულდა მისი ცნობილი ნაწარმოებები, რომლებმაც არაერთი კინოსურათის მუსიკალური ისტორია შექმნა.