პატრიარქი შიო III: დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება

21 სექ 2026

„აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრების, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ბათუმის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მხარეში იქადაგეს წმინდა მოციქულებმა, მათ შორის ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ, რომლის საფლავიც გონიოს ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება. მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უთქვამს, რომ აჭარა არის ,,განმანათლებელი'' საქართველოსი-კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები. აქ იქადაგეს წმინდა მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ, რომლის საფლავიც გონიოს ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. და ამიტომ აჭარა არის განსაკუთრებულად წმინდა მხარე მთელი საქართველოსთვის. 

მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს აჭარლებმა. მტერი მუდამ ცდილობდა აჭარა ჩამოეშორებინა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ აჭარელმა ხალხმა სისხლის და სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც. ჩვენ ვხედავთ როგორი შემობრუნებაა ღვთისკენ-ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში, ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში", - აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პატრიარქ ილია მეორის აჭარაში მოღვაწეობაზე და მის წვლილზე რეგიონში სარწმუნოების აღორძინების საქმეში. შიო მესამემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

"განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც დაახლოებით 7 წლის განმავლობაში იყო მღვდელთმთავარი ამ ეპარქიის, მაშინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა, მან შემოიარა ფეხით თითქმის მთელი აჭარა. ხვდებოდა ხალხს, ქადაგებდა სარწმუნოებას, რის შედეგად დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა. უბრუნდებოდნენ თავიანთი წინაპრების სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა დიდი აღშენებლობაა მას მერე,  კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აქ მოღვაწეობის შემდეგ, როგორ გრძელდება ეს აღშენებლობა. რამდენი ტაძრები აშენდა, რამდენი მონასტრები, რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ", - აღნიშნა პატრიარქმა. 

შიო მესამემ მიტროპოლიტ დიმიტრის ეპარქიში 30-წლიანი მოღვაწეობისთვის, მათ შორის საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.

„ძვირფასო მეუფეო, უკვე 30 წელია, რაც მოღვაწეობთ დიდი რუდუნებით, დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის დაწყებულ საქმეს აჭარაში. მე მინდა, ჩვენი სინოდის სახელით, პირადად ჩემი სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ერთგული ღვაწლისთვის და მოშურნეობისთვის.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო თქვენი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობა მოწყალების სავანეებსა და სასწავლებლებში. ჩვენი ახალგაზრდობა ღებულობს ძალიან ღირსეულ განათლებას. ზრუნვამოკლებული ბავშვები, მოხუცები ღებულობენ ნუგეშსა და დახმარებას. ეს არის თქვენი დიდი გულის, ენერგიისა და მოღვაწეობის შედეგი და კიდევ ერთხელ მინდა, ამისთვის გადაგიხადოთ მადლობა.

თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ, აჭარის გულში, საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა მსახურებისთვის და მლოცველობისთვის. ამასთანავე, მე მინდა, ძვირფასო მეუფეო, ნიშნად დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა, გისახსოვროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია, დედა ღვთისა ყოფილიყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ღვთისმშობლის მეოხებით, მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა, უფალმა დალოცოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, უფალმა დალოცოს მეუფე დიმიტრი, ამ ეპარქიის სამღვდელოება, სამონასტრო დასი, მრევლი, ყოველი თქვენგანი და დედა ღვთისმშობლის მეოხებითა და ლოცვით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.