21 სექ 2026
რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სამმართველოს პროკურორებმა დააკავეს. მედიის ცნობით, ჯორჯესკუ საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს.
სამმართველოს განცხადებით, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და განსაკუთრებით სერიოზული შედეგების მქონე თაღლითობის საქმეზე მიმდინარეობს. მიყენებული ზარალი 1 მილიონ ევროს აღემატება.
რუმინეთის პოლიციის გენერალური ინსპექციის კრიმინალური გამოძიების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხრეკა, საერთო ჯამში, ხუთ მისამართზე ჩაატარეს. ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა.
თუმცა, 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ აუკრძალა, რაც რაც უცხოური ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და სოციალურ მედიაში მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვდა.