22 სექ 2026
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სასაფლაოზე ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს.
საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.