22 სექ 2026
„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ – ამ სახელწოდებით მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.
დისტანციური მიმართვა ჰქონდა ასევე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის საკითხებში, ელიზაბეტ სპეჰარს. ღონისძიების ფარგლებში, ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ - ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ანა დვალი / ზეინაბ აკვაზბა და ნიკოლოზ ოვსიანიკოვი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.
„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2021 წელს და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.