22 სექ 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში CIPA-S საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს. ღონისძიება ბათუმში პირველად ტარდება და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ხუთდღიან პროგრამაში კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების სფეროს სპეციალისტები საბერძნეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან მონაწილეობენ. საზაფხულო სკოლა სტუდენტებისა და სფეროს პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი.
მონაწილეები კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ეცნობიან და პრაქტიკულად მუშაობენ 3D ლაზერული სკანირებისა და ციფრული ფოტოგრამეტრიის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ, პროფესიულ კავშირებს დაამყარებენ და მიღებული ცოდნის საკუთარ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
საზაფხულო სკოლის მიზანია საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე სტანდარტებით აღრიცხვისა და დოკუმენტირების მიმართულების გაძლიერება.