ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი - კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ

22 სექ 2026

მე-4 დღეა ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ''ბიაფი'' გრძელდება. მორიგი კინოჩვენებები ღია ცისქვეშ ამჯერად ზღვის სანაპიროზე მოეწყო. კინომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული უხმო კინო მემკვიდრეობის აღდგენილ ფილმებს გაცნობოდნენ.

''ბიაფის'' პროგრამის მიხედვით, გუშინ ორი ფილმი უჩვენეს: ალექსანდრე წუწუნავას,, ვინ არის დამნაშავე”, რომლის ჩვენება მუსიკალური გაფორმებით,  ბათუმელი მუსიკოსის გიორგი დიასამიძის ცოცხალი აკომპანემენტის თანხლებით მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მეორე ფილმს, ქართული კინო კლასიკიდან ეს იყო კოტე მიქაბერიძის 1929 წლის შექმნილი სატირული კომედია ,,ჩემი ბებია”.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფილმები საქართველოს ეროვნულმა კინო ცენტრმა აღადგინა. იქამდე, ვიდრე ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენება დაიწყებოდა, ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი BIAFF 2026-ის ორგანიზატორებმა ცაში ფრანები გაუშვეს, როგორც მშვიდობის გზავნილი ბიაფიდან.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.