22 სექ 2026
დღეს კოლხობაა. სახალხო დღესასწაულს, რომელიც უკვე 49 წელს ითვლის ამჯერად კონფერენციით აღნიშნავს, რომელშიც მეცნიერები, მკვლევარები და ისტორიკოსები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორების ნუგზარ მგელაძის და თემურ ტუნაძის წიგნის ,,ლაზური ეთნოლოგია“ პრეზენტაცია მოეწყო.
ისაუბრეს ასევე იმ მწერლებზე, რომელთა შემოქმედებაშიც თავისი ადგილი ჰპოვა ორად გაყოფილი სარფის თემამ და ტკივილმა, როგორც თავად მომხსენებელმა აღნიშნა.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სახალხო დღესასწაულის “კოლხობის” ისტორიასა და მის შედეგებზე. ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იაშა თანდილავას განმარტებით ეს არ არის მხოლოდ სარფის და ლაზების ზეიმი ეს არის მთელი ქვეყნის დღესასწაული.
კონფერენციას მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედება და კოლხობის სახალხო დღესასწაულის ფოტოგამოფენა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს, ასევე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურის მერია ლაზური ეთნოგრაფიული ლექსიკონის მეორე ნაწილის გამოცემას დააფინანსებს.