22 სექ 2026
ქვეყნის მთავარი კანონმდებელი დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებს.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატას, შევხვდით მათ პრეზიდენტებს. პირველ ყოვლისა, საუბარი გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ორ პარლამენტს შორის კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფების დონეზეც არსებობს მჭიდრო ურთიერთობა. ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი. 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში და გავიხსენეთ ის ვიზიტიც. საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ, როდესაც ძალიან ადვილია, მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. ამ კონტექსტში საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე.
ამასთან, ვისაუბრეთ ევროკომისიის 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, რაც მიგვაჩნია, რომ არის მცდარი გადაწყვეტილება და დღემდე ჩვენ ველოდებით ამ დიალოგის აღდგენას. ამიტომ, კოლეგებთან ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, წევრმა სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან და იმედი გვაქვს, ამაში ჩვენი ბელგიელი კოლეგებიც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.