26 სექ 2026
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ეკა გიგაური წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხის შესასწავლად მიმართეს, გიგაურის ორგანიზაციამ კი ადვოკატების მიერ მიწოდებული მასალები შეისწავლა და ანგარიშიც გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც მათი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ბრალდებები რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ან გამოტანილი განაჩენი, უსაფუძვლოა და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს. ამასთან, თვლიან, რომ იგი პოლიტპატიმრად უნდა გამოცხადდეს და მაგალითად მოჰყავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900-ე რეზოლუციაც.
გიგაურის განცხადებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აფასებს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ენჯეოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში არ შეიყვანეს, სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს.
"არასამთავრობოებმა ბოლოს უკვე აღარ შეიყვანეს სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი სითავხედეც აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან მათი ვისაც სჯერა საქართველოში, ჯამში, შეიძლება, 20-30 ადამიანი იყოს, ისინიც უკვე აღარ იჯერებენ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბულინგმა გაჭრა, დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება ისეთ საქმეებთან – ყველამ იცის სააკაშვილის გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებული საქმე, შემდეგ შეფუთეს „პიჯაკების საქმედ“. ცხრა მილიონ ლარზეა საუბარი და არა მგონია, პიჯაკები ამდენი ჯდებოდეს.
მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი, მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, ეკა გიგაურისგან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამარცხვინოც არის, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, თითქოს საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ეს მაშინაც ვთქვი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მდიდარ „ენჯეოებს“ რაღაცაში დავეთანხმე, მაშინ მათ თქვეს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილიო. შემდეგ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს „ნაცებმა“ ერთმანეთში, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.