04 ოქტ 2026
საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელშიც ქართული სცენისა და მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ლეგენდარული მსახიობის ვაჟის, ნიკუშა შენგელაიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აქამდე უცნობი და უნიკალური ისტორიები გააცნო. მაყურებლის წინაშე, ასევე, ქართველი მომღერლები, შემსრულებლები და ანსამბლები წარსდგნენ.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი და ორკესტრი მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. შემოქმედებით საღამოზე მაყურებელმა იხილა უნიკალური ვიდეო კადრები სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან. დიდ ეკრანზე გაცოცხლდა განუმეორებელი სცენები ცნობილი კინოფილმებიდან.
სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ათობით გამორჩეულ როლს მოიცავს, მათ შორის, მსოფლიო დრამატურგიის არაერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს.
საიუბილეო საღამო აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.