ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი: განვითარებას ძიება და თავისუფლება სჭირდება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე ღირებული იქნებოდა ბავშვის იმ კრიტერიუმით შეფასება, თუ რამდენად ეცადა და რა ძალისხმევა ჩადო მოცემული საკითხის შესასრულებლად

07 ოქტ 2026

მოსწავლეთა შეფასების მოქმედი სისტემა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქიკასა და თვითშეფასებაზე - გადაცემაში "შეხვერის დრო" ფსიქოლოგმა ირმა ფეიქრიშვილმა ისაუბრა შეფასების სისტემის გავლენასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მას თან ახლავს.

ფსიქოლოგის თქმით, ნიშნებით შეფასება, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, შესაძლოა ბავშვისთვის მტკივნეული გამოცდილება იყოს და გავლენა იქონიოს მის თვითშეფასებაზე.

"დღევანდელ დღეს, საბედნიეროდ, მეხუთე კლასამდე ბავშვებს ნიშნებით არ აფასებენ და დანერგილია განმავითარებელი შეფასება. თუმცა, განმავითარებელი შეფასებაც სწორად და ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული, რადგან მას ჰქონდეს სამოტივაციო ფუნქცია და ბავშვს სამომავლოდ უკეთ მუშაობის სურვილი გაუჩინოს," - აღნიშნავს ირმა ფეიქრიშვილი.

ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს შეფასების კრიტერიუმებზეც და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ ბავშვის მცდელობა და დახარჯული ძალისხმევა.

"ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე ღირებული იქნებოდა შეფასება იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად ეცადა ბავშვი, რა იკვლია და რა ძალისხმევა ჩადო მან მოცემული საკითხის შესასრულებლად. დღეს კი მიღებულია დაზეპირებაზე ორიენტირებული მიდგომა, რაც ხელს უშლის მოსწავლის რეალურ განვითარებას," - აცხადებს ფსიქოლოგი. 

მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვს შეცდომის დაშვების შესაძლებლობა ჰქონდეს და მისი გამოსწორების გზებს სწავლობდეს.

"შეცდომა ნორმალურია - როდესაც რაღაცას იძიებ, ბუნებრივია, უშვებ შეცდომას. მაგრამ როდესაც შეცდომის გამო ბავშვი დაბალ შეფასებას იღებს, იგი ირჩევს "უსაფრთხო გზას" - დაიზეპირო, არაფერი იძიო და არ გარისკო. ეს აყალიბებს ტვინს, რომელიც მუშაობს მხოლოდ შეფასების მისაღებად და არ ვითარდება, რადგან განვითარებას ძიება და თავისუფლება სჭირდება," - განმარტავს ირმა ფეიქრიშვილი.

ფსიქოლოგი ასევე საუბრობს მშობლების როლზე და აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის მზა პასუხების მიწოდებამ და ძიების პროცესის შეზღუდვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი აზროვნებისა და უნარების განვითარებას.