08 ოქტ 2026
გადაცემაში „შეხვედრის დროს“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ მაღალმთიან აჭარასა და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.
თანამედროვე ტურიზმს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, ჩვენი პროექტები კი სწორედ ამ მიმართულებებს ითვალისწინებს, – განმარტა ლელა გოგუაძემ.
„მაღალმთიანი აჭარა ტურისტებს სთავაზობს იმ ავთენტურობასა და იდენტობას, რასაც ქალაქი მოკლებულია. დღეს ტურიზმის მოთხოვნა მხოლოდ გარკვეული ადგილის მონახულება აღარ არის. ტურიზმი ამბის მოყოლა და გამოცდილების გაზიარებაა. ამ მხრივ საინტერესო პროექტები გვაქვს, რომლებიც ეთნოგრაფიული ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება.
ეს, პირველ რიგში, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე სრულად არ იყო აღქმული ტურისტულ პროდუქტად. ეს არის ზეპირსიტყვიერება, ამბები, ისტორიები, ფოლკლორი, რიტუალები და ტრადიციები.
თანამედროვე ტურიზმი მხოლოდ ადგილების მონახულება აღარ არის – ის ამბის მოყოლასა და გამოცდილების გაზიარებაზეა დაფუძნებული.
მიუხედავად ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა, რეგიონის ღრმად გასაცნობად გიდის როლი კვლავ უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ტურიზმის დეპარტამენტი ამ მიმართულებით ყოველწლიურად ატარებს ტრენინგებს გიდებისთვის“, – განაცხადა ლელა გოგუაძემ.
ის ასევე განმარტავს ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის როლს ტურიზმის განვითარებაში.
„დღეს აჭარის მაღალმთიანეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუთხეა. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარების დიდი რესურსი გვაქვს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის იმ გარემოსა და გამოცდილებას, რაც ტურისტს აინტერესებს.
ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც. ჩვენ ვქმნით პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს პასუხობს და მათ მოტივაციას აძლევს, თავად შექმნან ტურისტული პროდუქტი. შედეგად, ისინი აწყობენ მარნებს, საოჯახო სასტუმროებს, კოტეჯებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს“, – განმარტა ლელა გოგუაძემ.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საუბრისას ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გასტრონომიას.
„ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტულ წერტილებთან მისასვლელი გზების გაყვანა ხდება ეკოსისტემისა და ავთენტური გარემოს მკაცრი დაცვით, სპეციალისტების, მათ შორის გეოლოგების, რეკომენდაციების საფუძველზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გასტრონომიაა – აჭარაში დღემდეა შემორჩენილი ტრადიციული კერძები და გემოები, პარალელურად კი თანამედროვე გასტრონომიაც ვითარდება.
თანამედროვე ტურიზმს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, ჩვენი პროექტები კი სწორედ ამ მიმართულებებს ითვალისწინებს, - განმარტა ლელა გოგუაძემ.