ეთერ დარჩიძე: ყოველი გაკვეთილი საინტერესო იყოს, ძველი ტრადიციების აღდგენით და სიახლეებთან შერწყმით აქ მოსული პატარები დავაინტერესო

13 ოქტ 2026

დღეს, გაჯეტების ეპოქაში, რამდენად ინტერესდებიან ახალგაზრდები ხალხური საკრავებითა და ფოლკლორით? ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „შეხვედრის დროს“ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორმა ეთერ დარჩიძემ ისაუბრა.

„წლებია, ბავშვებს ხალხურ საკრავებზე დაკვრასა და ტრადიციული ქართული სიმღერების შესრულებას ვასწავლი. რაც დრო გადის, სულ უფრო იზრდება ინტერესი და სურვილი, შეისწავლონ ხალხური სიმღერები, საკრავები და, ზოგადად, ჩვენი ფოლკლორი.

ამ ინტერესის გაღვივებას სასწავლო პროცესიც უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, გაკვეთილზე ინფორმაცია ბავშვებს სწორად და საინტერესოდ მივაწოდოთ, პროცესი დამღლელი არ იყოს და მათ კონკრეტული საკრავის მიმართ ინტერესი არ დაკარგონ. ხელოვნება მუდმივი ძიებაა. ვცდილობ, ყოველი გაკვეთილი საინტერესო იყოს, ძველი ტრადიციების აღდგენითა და სიახლეებთან შერწყმით აქ მოსული პატარები დავაინტერესო.

მოსწავლეები მხოლოდ ერთ ხალხურ საკრავზე დაკვრით არ შემოიფარგლებიან. მათ შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა საკრავს დაეუფლონ, შეისწავლონ მათი ჟღერადობა და შესრულების თავისებურებები“, - თქვა ეთერ დარჩიძემ.