ფსიქოლოგი ირინა დავითძე: ცნობისმოყვარეობის წახალისება ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და კაცობრიობის წინსვლასაც

13 ოქტ 2026

როგორ განვუვითაროთ ბავშვებს ცნობისმოყვარეობა და სწავლის სურვილი? ამ თემაზე გადაცემაში „შეხვედრის დროს“ ფსიქოლოგმა ირინა დავითაძემ ისაუბრა.

„ცნობისმოყვარეობის განვითარება ადამიანის ჩვილობის ასაკიდან იწყება. სახელზე რეაგირება, მზერითი კონტაქტი, სხვადასხვა ხმასა და ფერზე რეაქცია, საგნებთან შეხება - ეს ყველაფერი პატარასთვის მასტიმულირებელია, აღძრავს ინტერესს და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. სწორედ ეს არის ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები.

ასაკის მატებასთან ერთად ცნობისმოყვარეობაც იზრდება. დაუშვებელია ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა და ცნობისმოყვარეობის ჩახშობა, რადგან ამან შესაძლოა მისი განვითარების პროცესი შეაფერხოს.

როდესაც პატარა მეტყველებას იწყებს, ცნობისმოყვარეობა უკვე კითხვების დასმით ვლინდება. მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას ბავშვისთვის გასაგები ენით ვუპასუხოთ და ინტერესი წავახალისოთ ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „რა საინტერესო კითხვა დასვი“, „აუცილებლად გაგცემ პასუხს“, „ეს მართლაც საინტერესოა“.

უფროსმა პასუხის გაცემას თავი არ უნდა აარიდოს. შესაძლებლობის ფარგლებში, მან ბავშვს კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს და საკითხი მისთვის გასაგებად ახსნას, რადგან მშობელი პატარას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, კითხვებზე პასუხების მიღება კი მისი განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გამონაკლისი არც ბავშვია - თითოეულს განსხვავებული ინტერესები აქვს. ცნობისმოყვარეობის წახალისება ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და, საბოლოოდ, კაცობრიობის წინსვლასაც“, - აღნიშნა ირინა დავითაძემ.