მაღალმთიან აჭარაში მასწავლებელთა დეფიციტის შემცირების მიზნით პროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ გრძელდება

15 ოქტ 2026

მაღალმთიან აჭარაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სკოლებში კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვის მიზნით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ქვეპროგრამა „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ხორციელდება. პროგრამის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის მიზანია მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მასწავლებელთა დეფიციტის შემცირება და მოსწავლეებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. მისი მიზანია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, ქალაქში ცხოვრობს თუ სოფელში, თავის სკოლაში მიიღოს სრულყოფილი ზოგადი განათლება. ამიტომ, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე, სამინისტრომ მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამით დახმარებოდა სკოლებს. ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი პედაგოგია ამ პროგრამით მოვლინებული და არა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც“, - განაცხადა ედუარდ გოგრაჭაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში პედაგოგიური პროფესიის პრესტიჟი გაიზარდა, რასაც ახალგაზრდების არჩევანიც ადასტურებს.

„ბოლო წლებში პედაგოგიური პროფესიის პრესტიჟი გაიზარდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ეროვნულ გამოცდებზე ახალგაზრდები პედაგოგიურ პროფესიას პირველ, მეორე და მესამე არჩევანად ასახელებენ, მაშინ, როდესაც ადრე ეს მეშვიდე, მერვე და მეცხრე არჩევანი იყო. ბოლო წლებში ათეულობით ახალგაზრდა პედაგოგი მოვიდა სკოლებში, რამაც გარკვეულწილად ეს გამოწვევა შეამცირა“, - აღნიშნა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ გამოწვევად რჩება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ასევე გეოგრაფიასა და, ნაწილობრივ, ისტორიაში კვალიფიციური პედაგოგების საჭიროება.

„თავდაპირველად, როდესაც ეს პროგრამა შეიქმნა, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო ინგლისური ენის, უცხო ენის პრობლემა იყო. ახლა თანდათან ეს პრობლემა უკან გადაიწია და წამოიწია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები, ასევე გეოგრაფიის მიმართულება, ნაწილობრივ ისტორიაც. სამინისტროსთან მაქვს კომუნიკაცია და არის საუბარი იმაზე, რომ პროგრამა გაფართოვდეს და ამ მიმართულებებითაც გამოცხადდეს კონკურსები“, - განაცხადა ედუარდ გოგრაჭაძემ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან სამინისტროსთვის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 24 სკოლაა წარდგენილი. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის სასურველი სკოლა შეარჩიონ.