ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის იბრძვის

15 ოქტ 2026

ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და კლუბ „ბათუმის“ მიმდინარე შედეგებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გელა კიკალიშვილმა, გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი ზედა ოთხეულში მოხვედრა იყო, რაც შესრულდა. ახლა კლუბი მესამე, საპრიზო ადგილის დაკავებას ცდილობს.

„ჩვენ თავიდანვე გვქონდა გეგმა ზედა ოთხეულში მოხვედრის, რაც ამ ეტაპზე შესრულებულია და მაქსიმალური ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი არის მესამე ადგილის, საპრიზო ადგილის დაკავება. ამისათვის ჩვენ ახლა ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ. მეოთხეადგილოსან გუნდს ვუსწრებთ ხუთი ქულით და გვაქვს დარჩენილი სამი თამაში“, - განაცხადა გელა კიკალიშვილმა.

მისი თქმით, სატურნირო ცხრილში მოწინავე გუნდებსა და დანარჩენ კლუბებს შორის სხვაობა შემადგენლობებშიც აისახება: ლიდერებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ, „ბათუმი“ კი ძირითადად ადგილობრივი მოთამაშეებით ასპარეზობს.

ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადებაზეც. მწვრთნელის თქმით, ბათუმის 15-წლამდელთა გუნდის სამი ფეხბურთელი ასაკობრივ ნაკრებებში გამოიძახეს.

„შარშან სამი გოგონა ავიყვანეთ მაგ ჯგუფიდან და სამივე ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს. 15-წლამდელებში იყვნენ, ახლა 17-წლამდელთა ნაკრებში უწევდათ თამაში და იმ სიაშიც არიან, ასე რომ, ნიჭიერი თაობა შეგვიძლია ვთქვათ“, - აღნიშნა გელა კიკალიშვილმა.

მისი შეფასებით, ქალთა ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მწვრთნელის თქმით, კლუბისთვის საკუთარი სავარჯიშო ბაზის არსებობა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა.

„როგორც ყველა დარგში, ასე ვთქვათ, არის ფინანსები საჭირო, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ცალკე... კარგი იქნებოდა ნამდვილად ჩვენი ბაზა გვქონოდა ან ჩვენი სავარჯიშო სივრცე გვქონოდა, იმიტომ რომ სულ ასეთი პრობლემების წინაშე რომ ვდგავართ და დამოკიდებულები ვართ სხვაზე, აი ეს ცოტა სირთულეები არის. მერე რა თქმა უნდა ფინანსები რა... პირდაპირ გეტყვით, ქალთა ფეხბურთში ჩადებული ფინანსები შეიძლება უფრო მალე დაგიბრუნდეთ, დაბრუნებადი იყოს, უეფაზე გასვლაც და უფრო მარტივია, ვიდრე მამაკაცებში“, - განაცხადა გელა კიკალიშვილმა.