ომის ვეტერანმა ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი - 17 ოქტომბერს ბსუ-ში ვეტერანების დღე აღინიშნება

16 ოქტ 2026

17 ოქტომბერს ვეტერანების დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერანებისა და სტუდენტების მონაწილეობით სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.

ღონისძიებების მიზანს არა მხოლოდ სპორტული აქტივობების ორგანიზება, არამედ ვეტერანებსა და ახალგაზრდებს შორის უშუალო ურთიერთობის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და თაობებს შორის კავშირის გაძლიერება წარმოადგენს.

დაგეგმილი აქტივობებისა და ახალგაზრდებისთვის ვეტერანთა გამოცდილების გაცნობის მნიშვნელობაზე გადაცემაში „ახალი დილა“ ბსუ-ის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა რეზო ოკუჯავამ ისაუბრა.

მისი თქმით, უნივერსიტეტში ვეტერანების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წლებია ტარდება. მსგავსი ინიციატივები სხვა უნივერსიტეტებშიც ხორციელდება, სტუდენტები კი აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში თავად მონაწილეობენ.

„ნახეთ, ჩვენ წლებია ამას ვაკეთებთ უნივერსიტეტში. არა მარტო ჩვენს უნივერსიტეტში, სხვა უნივერსიტეტებშიც, სავარაუდოდ, კეთდება მსგავსი რამ და ამას გეგმავენ თვითონ სტუდენტები“, - განაცხადა რეზო ოკუჯავამ.

მისივე განმარტებით, ღონისძიებების მთავარი ღირებულება მხოლოდ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა არ არის. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ვეტერანებთან პირადი ურთიერთობისა და მათი გამოცდილების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რაც მათ ისტორიულ მოვლენებსა და ვეტერანთა გამოცდილებაზე დაფიქრებისკენ უბიძგებს.

„ამ შემთხვევაში არ არის მთავარი რაღაც სპორტული ამბავი. მას აქვს შეხება იმ ადამიანთან და იქ იწყებს ფიქრს ამ ყველაფერზე და ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი“, - აღნიშნა რეზო ოკუჯავამ.

მისი თქმით, სტუდენტები სხვადასხვა აქტივობას დამოუკიდებლად გეგმავენ და ახორციელებენ. მათ შორისაა ინტერვიუები, ფილმების ჩვენება, გამოფენები და ვეტერანებთან შეხვედრები. ამ პროცესში ახალგაზრდები არა მხოლოდ ორგანიზაციულ გამოცდილებას იძენენ, არამედ ვეტერანებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობაც ეძლევათ.

„რადგან ასე მიეჩვივნენ ამ საქმეს, ისინი უკვე დამოუკიდებლად აკეთებენ ამას, ჩვენგან დამოუკიდებლად. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დღეს უნივერსიტეტში არიან ვეტერანები და ისინი ეცნობიან ამ სტუდენტებს“, - განაცხადა რეზო ოკუჯავამ.

რეზო ოკუჯავას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეტერანებსა და ახალგაზრდა თაობას შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, გამოცდილების გაზიარებასა და ვეტერანთა ისტორიული გამოცდილების მომავალი თაობებისთვის გაცნობას.