16 ოქტ 2026
„ვარდისფერი ოქტომბრის“ - ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, აჭარის ტელევიზია, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებენ.
კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალ მისამართზე, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №5-ში, მამომობილი განთავსდა, სადაც 40 წლისა და უფროსი ასაკის ქალებს ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი უტარდებათ. გამოკვლევები თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური პერსონალის მონაწილეობით მიმდინარეობს.
მსურველებს სკრინინგის ჩატარება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.
მედიისა და ჯანდაცვის უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გადაცემაში „ახალი დილა“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ ისაუბრა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ ასე აქტიურად ჩართულობისთვის. ყოველი წლის ოქტომბერში ძალიან აქტიურად ხართ ჩართული, მაგრამ წელს განსაკუთრებული აქტივობით დაიწყეთ. ის, რომ თქვენი ტელევიზიის ტერიტორიაზე იქნება, სკრინინგის მამომობილის მანქანა, ძალიან მნიშვნელოვანია და მაგალითია, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებს მოსახლეობა.
ჩვენი და თქვენი თანამშრომლობა ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან ტელევიზიაში მოსმენილი, თქვენგან გადმოცემული, ჩვენგან გაგებული ინფორმაცია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ის, რომ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, ამის მოწოდება ნამდვილად ყოველდღიურად საჭიროა, თუმცა ოქტომბერში ასე აქტიურად ჩატარებული კვლევები, გასვლითი შეხვედრები და მამომობილის მოძრაობა აჭარის ტერიტორიაზე ძალიან ზრდის ჩატარებული სკრინინგის რაოდენობას.
მე მაქვს ერთი ფრაზა, ყოველთვის როცა ვხვდები მოქალაქეებს და ქალბატონებს: სკრინინგს თქვენთვის არ იტარებთ მხოლოდ, იტარებთ თქვენი ოჯახის წევრებისთვის. გვიან დადასტურებული ონკოლოგიური დაავადება მთელი ოჯახის პრობლემაა და მთელი ოჯახის დარდი. ამიტომ დროულად ჩავიტაროთ, დროულად გამოვავლინოთ, მივიდეთ სრულ განკურნებამდე და თავიდან ავიცილოთ გართულებები“, - განაცხადა მარი ზანაქიძემ.
კამპანიის მთავარი მიზანია, გაიზარდოს ცნობიერება ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ. სპეციალისტების განმარტებით, სიმპტომების არარსებობა პროფილაქტიკური გამოკვლევის გადადების მიზეზი არ უნდა გახდეს.