ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

21 ოქტ 2026

რიგგარეშე სხდომა ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებენ და საკითხს კენჭს უყრიან.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემოსავლების ნაწილს შეეხება, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელიც 42 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილებების შედეგად იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც.

უწყებას 10 მილიონი ლარი ემატება, რომლის ძირითადი ნაწილი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. გარდა ამისა, მოახლოებული ციტრუსის სეზონისთვის, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრებმა დღეს საკითხთან დაკავშირებით კომიტეტების, მათ შორის, წამყვანი კომიტეტის დასკვნა მოისმინეს და კანონპროექტის სესიაზე გატანას მხარი დაუჭირეს.