„ეს დაავადება ჩემს ბებიას ტანჯავდა“ - პეტრე ჩარგეიშვილი სპექტაკლზე „სახლი ღრუბლებში“

26 ოქტ 2026

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე 28 ოქტომბერს რევაზ ნაჭყეპიას პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „სახლი ღრუბლებში“ გაიმართება.

„ახალი დილის“ სტუმარია სპექტაკლის რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი, რომელმაც  ისაუბრა, როგორ გაჩნდა სპექტაკლის დადგმის იდეა და რა მთავარი სათქმელი აქვს წარმოდგენას.

,,სპექტაკლის თემაა ალცჰაიმერი. ეს დაავადება ჩემს ბებიას ტანჯავდა და, როცა პიესა წავიკითხე, ფიქრი არ მასვენებდა. მინდოდა, ის ემოციები და განცდები გამეზიარებინა, რაც ამ გამოცდილებამ დამიტოვა. ვფიქრობდი, აუცილებელი იყო ამ თემაზე საუბარი.

პირველი არ ვარ, ვინც ეს პიესა დადგა, თუმცა ვფიქრობ, ბათუმის თეატრის დადგმა გამორჩეულია. ეს ის თემაა, რომელიც ბევრ ოჯახს ეხება. ეს ვერაგი დაავადება სულ უფრო ხშირად გვხვდება. სპექტაკლის შემდეგ ადამიანები მოდიან და გვეუბნებიან: „რა იცოდით ჩვენი ტკივილის შესახებო“.

ეს სპექტაკლი ერთგვარი გაკვეთილია. მისი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ყველანი დავბერდებით.

თაობათა ჭიდილი აქაც ჩანს. პერსონაჟი შვილი იხსენებს, რომ მამა ხშირად არ იყო სახლში, ოჯახისთვის არ ეცალა და სამსახურს უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე ახლობლებს. სწორედ ამან გააჩინა ის პრობლემები, რომლებიც პერსონაჟებს შორის იჩენს თავს.

მაგრამ არის ისიც, რაც გვავიწყდება: როცა პატარები ვიყავით, ჩვენც გვივლიდნენ და დგება დრო, როცა თავად გვიწევს მშობლებზე ზრუნვა. სწორედ ამ ხაზის გავლება მინდოდა და ვფიქრობ, ეს შევძელით კიდეც.

მაყურებელი სპექტაკლს ცრემლიანი თვალებით ხვდება. პატარა მაყურებლებიც კი ამბობენ, სახლში რომ მივალთ, ბებიას ჩავეხუტებით და ბოდიშს მოვუხდითო.

არ ვიცით, ცხოვრება რას გვიმზადებს და არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდება.

მსახიობებმა კი მართლაც სასწაული შეძლეს - ორმა ადამიანმა სცენაზე შექმნა ემოციებითა და განცდებით სავსე სამყარო, რომელმაც მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა,''- გვესაუბრა პეტრე ჩარგეიშვილი.