26 ოქტ 2026
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი გოგოლაძისა და გუგულაშვილის გოლებით მოიგო.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა 76-ე წუთზე მარიამ გასანოვას ჩაწოდების შემდეგ ტამარა ატანასოვსკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი ასაკობრივი ნაკრები 28 ოქტომბერს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები უელსის ნაკრებს ბასას საფეხბურთო ცენტრში დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში თამაშის უფლებას ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ.