26 ოქტ 2026
რა განსხვავებაა ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიურობას შორის და როგორ განვასხვაოთ ისინი ჩვეულებრივი სიცელქისგან? - გადაცემაში „ახალი დილა“ ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ანანიძემ ისაუბრა.
ფსიქოლოგმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში გავრცელებულ ADHD-ის დიაგნოზზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და სიმპტომებზე.
„ADHD ჩვენს საზოგადოებაში შედარებით ახალი და ნაკლებად ნაცნობი დიაგნოზია, თუმცა სოციალურ ქსელებში ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ მდგომარეობის შესახებ. მშობელმა შესაძლოა სიმპტომების ჩამონათვალში საკუთარი შვილის ქცევებიც ამოიცნოს.
ზოგადად, მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელია სიცელქე, ყურადღების გაფანტვა და დავალების შესრულების გადავადება. ხშირად ბავშვები არ ეცნობიან დავალების ინსტრუქციას, არ უსმენენ მშობლებს ან უჭირთ საკლასო ოთახში დიდხანს მშვიდად ჯდომა. თუმცა, თუ ეს სიმპტომები ხელს უშლის ბავშვს ადაპტაციაში, განვითარებასა და სწავლაში, უკვე უნდა ვიფიქროთ შესაძლო დიაგნოზზე.
რაც შეეხება ეკრანებს, პლანშეტებსა და გაჯეტებს, ამ ეტაპზე არ გვაქვს საფუძველი, დავასკვნათ, რომ მათი ხშირი მოხმარება ADHD-ის გამომწვევი მიზეზია. თუმცა გაჯეტებზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მოზარდის ძილს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე. გაჯეტების გამოყენების შემდეგ ტვინს უჭირს სწრაფი და აქტიური სტიმულაციიდან უფრო მშვიდ და ნელ აქტივობებზე, მაგალითად, კითხვაზე, გადართვა. როდესაც ტვინი სწრაფ სტიმულაციას არის მიჩვეული, შესაძლოა კვლავ მსგავსი სტიმულების მოთხოვნილება გაჩნდეს.
ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ჰიპერაქტიურობა შემცირდეს და ადამიანმა ყურადღების მართვაც უკეთ ისწავლოს, თუმცა სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ზრდასრულ ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს შეხვედრების დაგეგმვა, მათი დროულად გახსენება და საკუთარი ქცევის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება.
მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ადამიანებმა თვითდიაგნოსტიკას არ უნდა მიმართონ, რადგან ამან შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს. აუცილებელია სპეციალისტის მიერ დაკვირვება და მდგომარეობის შეფასება, ხოლო დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას. ამის შემდეგ განისაზღვრება მკურნალობის საჭიროება და შესაბამისი მიდგომა.
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, ფსიქოთერაპიას, ოჯახის ფსიქოგანათლებას და ქცევით კორექციას. მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური მიდგომა. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და წინასწარ ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, რამდენი დღე, კვირა ან თვე დასჭირდება ადამიანს.
მინდა, მშობლებს მივმართო: თუ თქვენს შვილს ADHD აქვს, ეს განაჩენი არ არის. უპირველესად, ეს არ არის ცუდი აღზრდის შედეგი და არც ბავშვის სიზარმაცეს ნიშნავს. ADHD ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომლის ჩამოყალიბებაშიც გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები მონაწილეობს. მნიშვნელოვანია ოჯახის ფსიქოგანათლება, სწორი ინფორმაციის მიწოდება, გარემოს საჭიროებებზე მორგება და იმ უნარების განვითარება, რომლებიც ბავშვს საკუთარი თავისა და ქცევის მართვაში დაეხმარება“, - განმარტა მარიამ ანანიძემ.