ილია ვერძაძე: ძალადობისკენ მოწოდება, ხელისუფლების ძალადობითა და ომის გზით შეცვლა დაუშვებელია

27 ოქტ 2026

„ჩვენი კონსტიტუცია არის მთავარი დოკუმენტი, რომლის შეურაცხყოფა არ ეპატიება არავის...“ - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ეთერში.

ილია ვერძაძემ აღნიშნა, რომ ძალადობისკენ მოწოდება, ხელისუფლების ძალადობითა და ომის გზით შეცვლა დაუშვებელია.

„მინდა, ამ კუთხით ვისაუბრო, რათა გამოვააშკარაოთ პარტიების ის უსუსური მცდელობები, რომ გააჭიანურონ პროცესები და საკითხის არსი სხვა მიმართულებით გადაიტანონ.

ჩვენ გვინდა პრეცედენტი დავუშვათ, რომ ქვეყანაში მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობაა. ჩვენი კონსტიტუცია არის მთავარი და მის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ - არც რომელიმე პარტიას და არც ცალკეულ ჯგუფს.

კონსტიტუციის 23-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ ძალადობისკენ მოწოდება, ხელისუფლების ძალადობითა და ომის გზით შეცვლა დაუშვებელია. თუ ეს ერთჯერადი შემთხვევაა, შეიძლება, ის ცალკეულ აქტად განვიხილოთ და ვინმემ ეს საკითხი სადავოდაც გახადოს. მაგრამ როდესაც ერთი და იმავე უნიჭო სცენარისტების მიერ დადგმული მცდელობა მრავალჯერ მეორდება და თან უშედეგოდ, ამას სამართლებრივი რეაგირება სჭირდება.

ეს არ არის ერთი დღის ან ერთი წლის საკითხი. ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს უნდა ესმოდეს, რომ თუ შეეცდება ქვეყნის სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ ძალადობისა და ომის პროპაგანდით დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას, ამას სამართლებრივი პასუხი მოჰყვება.

ამ მხრივ, კარგი მინიშნება ჰქონდა შალვა პაპუაშვილს. მან აღნიშნა, რომ შექმნილი გარემოც კი უნდა შევცვალოთო. წარმოიდგინეთ, რა მოცემულობა ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის პარტიებს - შექმნილი ჰქონდათ ისეთი სიტუაცია, რომელშიც ჯანსაღი, სხვა ოპოზიციური ძალა ვერ წარმოიშობოდა. თუ ამ ყველაფერზე სამართლებრივი პასუხი არ გავეცით, ქვეყანა განწირული იქნება, მუდმივად ამ წრეზე იტრიალოს“, - განაცხადა ილია ვერძაძემ.