28 ოქტ 2026
აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს „მაგნოლიის“ დაჯილდოების ფარგლებში დეკემბრის მეორე ნახევარში გამოავლენენ. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში შეირჩევიან. შეფასების კრიტერიუმებსა და ჯილდოს მნიშვნელობაზე გადაცემა „ახალი დილას“ ეთერში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა ისაუბრა.
"ჩვენ არ ვაფასებთ რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას, გიდს თუ ტურისტულ ატრაქციას. ეს ხდება სხვადასხვა კომპონენტის დახმარებით. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების გამოკითხვა - დაახლოებით 5 000-ზე მეტი ტურისტი იქნება გამოკითხული და ეს ძალიან წონადი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. შემდეგ არის QR კოდები, რომლებიც თითქმის ყველა განთავსებისა და კვების ობიექტშია წარმოდგენილი. ასევე, გიდებსაც აქვთ თავიანთი პერსონალური QR კოდები, რომელთა საშუალებითაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ძალიან მარტივად მისცენ ხმა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით მათთვის სასურველ ობიექტს და შეაფასონ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია თავად სექტორის შეფასებაც. განთავსების ობიექტებს, კვების ობიექტებს, გიდებსა და სხვადასხვა ორგანიზაციას ვთავაზობთ, თავად შეაფასონ თავიანთი კოლეგები, პარტნიორები, კონკურენტები. ეს, რა თქმა უნდა, ჯანსაღ კონკურენციასთან არის კავშირში. მეოთხე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კი სოციალურ მედიაში სარეიტინგო ქულებია - Tripadvisor, Booking.com, Airbnb და Google-ის რეიტინგები. ეს ყველაფერი ჯამდება და გამოდის ერთი ციფრი. ჩვენ, ტურიზმის დეპარტამენტი, დამთვლელის როლში ვართ ამ შემთხვევაში. თითოეულ მიმართულებას აქვს მინიჭებული პრიორიტეტი. მაგალითად, განთავსების ობიექტისთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ტურისტის შეფასება და მას უფრო მეტი წონა აქვს შესაბამის ნომინაციაში. ხშირ შემთხვევაში შედეგები ჩვენთვისაც მოულოდნელია. შეიძლება ჩვენ მიგვაჩნდეს ერთი, მაგრამ კვლევებმა, ტურისტებმა, სარეიტინგო ქულებმა აბსოლუტურად სხვა სურათი დაგვანახოს და მივესალმებით ამ ყველაფერს. სწორედ ამაშია ობიექტურობის ძალაც“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, „მაგნოლიის“ ჯილდოს გამარჯვებული ობიექტებისთვის მნიშვნელოვანი სარეკლამო და მარკეტინგული შესაძლებლობაცაა, თუმცა აღიარებასთან ერთად პასუხისმგებლობაც იზრდება.
„თუკი თქვენ შეხვალთ რომელიმე ობიექტში, სადაც ეს „მაგნოლიის“ ჯილდო უკვე გადაცემულია სხვადასხვა წლებში ან ერთხელ მაინც აქვს მიღებული, ნახავთ, რომ ძალიან საპატიო ადგილას აქვთ წარმოდგენილი. რამდენჯერმე შევხვედრივართ, რომ დაჯავშნის მსხვილ პლატფორმებზე, როგორიცაა Booking.com, Tripadvisor ან Google-ის სარეიტინგო პლატფორმები, ჩვენი ჯილდო სარეკლამო, საპოპულარიზაციო და მარკეტინგული კუთხით პირველ ადგილს იკავებს ფოტოებში. შესაბამისად, მომხმარებელს უკვე აქვს იმის განცდა, რომ ამ ობიექტში სერვისის კუთხით პრობლემები არ უნდა იყოს. ეს, უპირველესად, პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ, თუკი ტურიზმის სექტორის სახელმწიფო ორგანიზაციამ ტურისტების შეფასებების, QR კოდების, სექტორის შეფასებისა და სოციალურ მედიაში არსებული რეიტინგების გათვალისწინებით გაღიარა, როგორც საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი, პასუხისმგებლობა უკვე ერთი ათად იზრდება. ამ ორგანიზაციამ, გიდმა ან სხვა ტურისტულმა ობიექტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ხარისხი შეინარჩუნოს“, - აღნიშნა მან.
თამარ კაიკაციშვილის განმარტებით, წელს გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან. ნომინაციები წლების განმავლობაში იცვლებოდა და ტურიზმის სექტორის საჭიროებებს ერგებოდა, თუმცა ძირითადი მიმართულებები 2015 წლიდან შენარჩუნებულია.
„10 ნომინაცია არ არის ცოტა, მაგრამ არც ბევრია, ვფიქრობ, ზუსტად საკმარისია იმისთვის, რომ 10 მიმართულებით საუკეთესოები გამოვავლინოთ. წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განიცადა მოდიფიკაცია, შეიცვალა რაღაც კრიტერიუმები და ნომინაციების დასახელებები, თუმცა ის ძირითადი მიმართულებები, რაც იყო 2015 წელს, დღემდე არის აქ. ბოლო წლებში დავამატეთ ტურისტული სატრანსპორტო მომსახურების მძღოლის ნომინაცია, იმიტომ რომ ეს საჭიროებამ მოიტანა. აქ გიდები და ტურისტული სააგენტოები აფასებენ ამ პიროვნებას, რადგან უსაფრთხოების ნაწილი, სალონის მდგომარეობა და ზოგადად ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია. ამას ძალიან კარგად ამჩნევს გიდი, რომელიც ტურისტებთან ერთად მგზავრობს, ასევე ტურისტული სააგენტო, რომელიც ხშირად ქირაობს ტრანსპორტს. ყველა ნომინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ საუკეთესო ტურისტული გიდის, განთავსებისა და კვების ობიექტების ნომინაციებს. ბოლო წლებში დავამატეთ სოფლის მიმართულებაც. მოგეხსენებათ, ძალიან განვითარებულია სოფლის გესთჰაუსები (Guesthouse), ღვინის მარნები და ამ კუთხითაც გვაქვს შესაბამისი ნომინაცია“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.
სავარაუდო თარიღებად 19 ან 20 დეკემბერი განიხილება, თუმცა საბოლოო თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი „იდუმალი სტუმრის“ პროექტსაც ახორციელებს, რომლის საშუალებითაც მომსახურების დონეს აფასებს და არსებულ გამოწვევებს გამოავლენს.
„მონიტორინგი, პირველ რიგში, ეს შეფასებებია. არის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებენ შესაბამის ჯილდოს. არიან ისეთებიც, რომლებმაც პირველ წელს მიიღეს, შემდეგ ვეღარ მიიღეს და მოგვიანებით კვლავ მოიპოვეს. რაც შეეხება მონიტორინგს, ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი პროექტია „იდუმალი სტუმარი“, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ, რა დონეზეა სერვისის ხარისხი ჩვენს რეგიონში და რა არის გამოსასწორებელი. როდესაც წლის ბოლოს შედეგები მოვა, ანალიზს ვაკეთებთ. თუკი რომელიმე რესტორანს, სასტუმროს ან სოფლის განთავსებისა თუ კვების ობიექტს პრობლემა აქვს, მათ სატრენინგო მომსახურებას ვთავაზობთ და ვეხმარებით იმ კომპონენტის გაუმჯობესებაში, რომელშიც გამოწვევა აქვთ. სერვისი დღემდე გამოწვევაა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ ქვეყანაში და ტურიზმის მიმართულებით ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც. თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. სექტორის წარმომადგენლები „იდუმალი სტუმრის“ შედეგებს თავადაც ელოდებიან და როდესაც ვთავაზობთ, რომ რაღაც სამუშაოა, სიხარულით მოგყვებიან, იზიარებენ რეკომენდაციებს და ამით აუმჯობესებენ ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის მომსახურების ხარისხს“, - აღნიშნა თამარ კაიკაციშვილმა.