"პროექტში მონაწილეობის მიზანი ის არის, რომ ჩვენი კუთხე ფართო აუდიტორიის წინაშე სათანადოდ წარმოვაჩინოთ" - ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ანსამბლ "იაგუნდის" ხელმძღვანელი 

28 ოქტ 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეგაპროექტში "ხალხური", რომელშიც საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ, ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ანსამბლმა „იაგუნდმა“ დიდ წარმატებას მიაღწია.

ანსამბლის მიერ შესრულებულმა „ქალთა ხორუმმა“ და მრავალხმიანმა სიმღერებმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. „იაგუნდმა“ ნახევარფინალში საპატიო ადგილი დაიკავა.

გადაცემაში "ახალი დილა" ქალთა ანსამბლ „იაგუნდის“ წევრებმა და მისმა ხელმძღვანელმა ლოლა სურმანიძემ პროექტში მონაწილეობის მიზანზე ისაუბრეს:

"ანსამბლი „იაგუნდი“ 2008 წელს ქედის კულტურის ცენტრის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენი მიზანია მშობლიური კუთხის, ქედის, ფოლკლორული მემკვიდრეობის დაცვა, აღდგენა და პოპულარიზაცია.

ვუკრავთ სხვადასხვა ხალხურ საკრავზე, ვასრულებთ სიმღერებს ცეკვების თანხლებით. პროექტში მონაწილეობის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ჩვენი კუთხე ფართო აუდიტორიის წინაშე სათანადოდ წარმოვაჩინოთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ჩვენს ვიდეოებს ბევრი ნახვა და მოწონება აქვს. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის.

პროექტში საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობენ და საკონკურსო ფორმატში რომელიმე კუთხის ან შემსრულებლის გამორჩევა მართლაც რთულია, რადგან საქართველო ფოლკლორული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია. აჭარული ფოლკლორი კი სახასიათო რეპერტუარით გამორჩეულია და მაყურებელი ჩვენს რეპერტუარს დიდი სიყვარულით ხვდება.

ნახევარფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი ჩვენმა რეპერტუარმა შეასრულა. წარვადგინეთ "ქალთა ხორუმის" ძალიან ძველი ვერსია, რომელიც აღვადგინეთ და შესაბამისი ილეთებიც მოვირგეთ.

ძირითადად, საარქივო მასალებზე ვმუშაობთ და ძველი ჩანაწერებიდან ფოლკლორული ნიმუშების აღდგენას ვცდილობთ. მხოლოდ აჭარული კი არა, ლაზური ფოლკლორითაც ვართ დაინტერესებული.

სამომავლოდ გასტროლები გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, 2027 წელსაც გავემგზავროთ საზღვარგარეთ და უცხოელ მაყურებელს ჩვენი ფოლკლორი გავაცნოთ," - აღნიშნა ლოლა სურმანიძემ.