29 ოქტ 2026
"პრობლემა რაშია არ ვიცი, ადრე ისეთი ერთობა არსებობდა, რომელიც მენტალობაში იგრძნობოდა, ახლა კი აღარ არსებობს. როდესაც ამბობ, რომ ერთნი ხართ და ერთნაირი შეხედულებები გაქვთ, შემდეგ საპირისპიროს გეუბნებიან - როგორ ვართ ერთნი და ერთნაირები, ერთად არ ვართო''- განაცხადა პარლამენტის წევრმა, კოალიცია ,,ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა'' წევრმა ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში''.
მან აღნიშნა, რომ ახლა ზოგადად პრობლემა და კრიზისია, ამიტომ უამრავ მიზეზს მოვისმენთ, თუ რატომ შეიძლება ასე იყოს. თუმცა, ცოტნე კობერიძის განცხადებით, ისეთი არაფერი ხდება, რაც პროგნოზირებადი არ იყო.
"პრობლემა რაშია არ ვიცი, ადრე ისეთი ერთობა არსებობდა, რომელიც მენტალობაში იგრძნობოდა, ახლა კი აღარ არსებობს. როდესაც ამბობ, რომ ერთნი ხართ და ერთნაირი შეხედულებები გაქვთ, შემდეგ საპირისპიროს გეუბნებიან - როგორ ვართ ერთნი და ერთნაირები, ერთად არ ვართო.
რომელი უფრო დიდი პრობლემაა - ის, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის, თუ ის, რომ საერთოდ არ არსებობს? - ეს სხვადასხვა საკითხია. ახლა ზოგადად პრობლემა და კრიზისია, ამიტომ უამრავ მიზეზს მოვისმენთ, თუ რატომ შეიძლება იყოს ასე. თუმცა, ჩემი აზრით, ისეთი არაფერი ხდება, რაც პროგნოზირებადი არ იყო, თუ რეალობას სურვილებისგან დამოუკიდებლად შევხედავთ და იმას არ წარმოვიდგენთ, რისი დანახვაც თავად გვინდა.
რაციონალურად თუ შევხედავთ, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს სხვადასხვა ეტაპზე ერთმანეთი მოღალატედ ან ბიძინასთვის მიყიდულად მიაჩნდა, შემდეგ კი ეს ადამიანები ერთად აგრძელებენ ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლას და ამბობენ, რომ საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან?'' -აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.
ცოტნე კობერიძემ განმარტა, რომ შესაძლოა მოქალაქე ამას ყოველდღიურად ყურადღებას არ აქცევდეს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ამახსოვრდება, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი საკმაოდ მძიმე ბრალდებებით ჰყავთ დადანაშაულებული.
"შეიძლება, მოქალაქე ამას ყოველდღიურად ყურადღებას არ აქცევდეს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ამახსოვრდება, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი საკმაოდ მძიმე ბრალდებებით ჰყავთ დადანაშაულებული. ამიტომ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა იყვნენ ახლა ერთად?
ბიძინას წინააღმდეგ ვიბრძოლო იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც, მაგალითად, გაყიდულად მივიჩნევდი? შეიძლება ვთქვათ, რომ ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლა მასთან თანამშრომლობას თავისთავად ლოგიკურს ხდის, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება: ადამიანები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, შემდეგ კი კვლავ ერთად დგებიან.
მაგალითად, ანი წითლიძე და ნიკა გვარამია. იყო პერიოდი, როდესაც ანი წითლიძეს ნიკა გვარამიას მიმართ გარკვეული ბრალდებები ჰქონდა. ასევე, "გირჩი“, რომლის შექმნაში მეც ვიყავი ჩართული, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ადანაშაულებდა, თუმცა მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძეს მათ პარტნიორად განიხილავენ.
სინამდვილეში, აქ საუბარია არა ორმაგ ან სამმაგ სტანდარტზე, არამედ იმაზე, რომ სტანდარტი საერთოდ არ არსებობს. დღეს, თუ შენთან თანამშრომლობა მაწყობს, ყველაფერზე თვალს დავხუჭავ, ხოლო თუ პრობლემა წარმოიშობა, წარსულში ნათქვამსა და გაკეთებულს ყველაფერს გაგახსენებ.
რა თქმა უნდა, ადამიანის ან პოლიტიკური ძალის კრიტიკა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ კრიტიკა და ვინმესთვის „გაყიდულის“ წოდება სხვადასხვა რამეა. ეს უკვე კონკრეტული ბრალდებაა. ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ბრალდების შეფასება შეიძლება სასამართლოს განხილვის საგანიც გახდეს, რადგან "გაყიდული ხარ" შეიძლება აღქმული იყოს როგორც კონკრეტული ფაქტის მტკიცება, რომლის სისწორეც მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს,'' - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.