29 ოქტ 2026
"ჩემი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა პარტიების არასამთავრობო ორგანიზაციებად გადაქცევა და, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების პარტიებად ჩამოყალიბება" - განაცხადა პარლამენტის წევრმა, კოალიცია ,,ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა'' წევრმა ცოტნე კობერიძემ გადაცემა "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცის" ეთერში.
"ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცი. შესაძლოა, ეს პარტიების სისუსტეს უკავშირდებოდეს. შესაძლოა პარტიამ თანხის მოზიდვა ვერ შეძლოს, მაგრამ არის რამდენიმე პარტია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაც აქვს რეგისტრირებული. თუმცა, ამ მიმართულებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს წლების განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ქართული პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებაში. რაც ახლა მოხდა, არ მგონია, პარტიებისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო''- აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.
კობერიძემ განმარტა, რომ პროპაგანდისტული ხაზის გატარებამ, თითქოს ერთ მხარეს გარკვეული ტიპის კომპეტენცია არსებობს და სწორედ ეს არის მთავარი - ქართული პოლიტიკური სპექტრი დააჩლუნგა.
"პროპაგანდისტული ხაზის გატარებამ, თითქოს ერთ მხარეს გარკვეული ტიპის კომპეტენცია არსებობს და სწორედ ეს არის მთავარი - ქართული პოლიტიკური სპექტრი დააჩლუნგა. ჩამოყალიბდა ისეთი დაპირისპირების ფორმა, რომელშიც გარკვეულ საკითხებზე საუბარი თითქოს დაუშვებელია. მაგალითად, ომზე პასუხის გაცემა ან კონკრეტულ პროპაგანდისტულ ნარატივში შესვლა არ შეიძლება.
შედეგად, ისმენ ისეთ განცხადებებს, რომლებშიც თითქოს არაფერია ცუდი, მაგრამ არც არაფერი ისმის მნიშვნელოვანი. ყველაფერს წაჰკრავს ენჯეოშნიკური ენა. ამან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში, შემოქმედებითი აზროვნება დააზიანა და ინსტიტუციური ქცევა კრიზისში შეიყვანა.
მსგავსი ტიპის ინსტიტუციებს უფრო მეტად ახასიათებთ ესტაბლიშმენტური ქცევა, თუმცა პარტიებმაც ვერ გამოიჩინეს საკმარისი ამბიცია და საკუთარი თავის რწმენა. მაგალითად, რატომ არ უნდა წავიდეს პოლიტიკოსი აქციაზე? რა მოხდება, თუ მას იქ ყოფნა სურს? ამ საკითხის გარშემო ისეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ თითქოს პოლიტიკოსის აქციაზე მისვლა განსაკუთრებული მოვლენაა.
შემდეგ კი მთლიანად წაიშალა ზღვარი აქტივისტსა და პოლიტიკოსს შორის. გაჩნდა მიდგომა, რომ რუსეთს ებრძვი და ამ ბრძოლაში მნიშვნელობა აღარ აქვს, პარტიის წარმომადგენელი ხარ, ტელევიზიაში მუშაობ, სპორტსმენი ხარ თუ სხვა პროფესიის ადამიანი. ამგვარად, სხვადასხვა როლი და პასუხისმგებლობა ერთმანეთში ირევა.
თუმცა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდში იცვლება ხოლმე. ახლა, როდესაც არჩევნები არ არის, ეს მდგომარეობა უცვლელად რჩება.
რაც შეეხება კონკრეტულ მოსაზრებას, თითქოს ვიღაცის გარიყვა ხდება, ვერ ვხვდები, საიდან უნდა მოხდეს ეს გარიყვა და რატომ უნდა იყოს ეს სანერვიულო. ერთადერთი აქტიური პროცესი ყოველდღიური აქციებია. არ მგონია, ეს ისეთი მონოლითური „ბაბლი“ იყოს, სადაც ყველას ერთნაირი შეხედულებები აქვს.
ვისაც გინდა, დააჰაიდებ სოციალურ ქსელში, ვისაც გინდა, შეხედავ. საერთოდ, როგორ შეიძლება, Facebook-ის მეშვეობით ვაზროვნებდეთ? ქუჩა არსებობს. თუ გინდა, მიდიხარ აქციაზე, თუ არ გინდა - არ მიდიხარ. იქიდან ვერავინ გაგრიყავს''- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.