ბათუმის სკოლებში მნიშვნელოვანი სიახლეებია - რა შეიცვალა ახალ სასწავლო წელს და რა იგეგმება?

30 ოქტ 2026

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ბათუმში, რა სიახლეებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი და რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები? ამ საკითხებზე გადაცემა „ახალი დილის“ ეთერში ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, გოჩა დავითაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა სკოლამ მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში მიიღოს.

„ახალი სასწავლო წელი ბათუმში მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. აშენდა ბათუმის №21 საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცეები, სპორტული ინფრასტრუქტურა და ბიბლიოთეკა.

ახალი სკოლის გახსნამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალაქის გადატვირთული სკოლების განტვირთვას. დამატებითი სასწავლო კორპუსი შეემატა №3 საჯარო სკოლას. ასევე დასრულდა №4 და №5 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია. ორივე სკოლა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა.

მსურს, მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ჩვენი სკოლების მუდმივი მხარდაჭერისთვის.

სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის მზადებას სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებენ. მცირე სარემონტო სამუშაოებს თავად სკოლები ახორციელებენ, ხოლო მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. ცალკეულ სკოლებში მცირე სარემონტო სამუშაოები კვლავ არის ჩასატარებელი და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმართულებითაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ეტაპებს ახალი ეტაპი დაემატა, რომელიც მოსწავლეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ტერიტორიული პრინციპით ჩარიცხვას ითვალისწინებს. შედეგად, წელს ყველა ბავშვი სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ჩაირიცხა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი სასწავლო კორპუსების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლების განტვირთვასა და მოსწავლეებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას“, - განაცხადა გოჩა დავითაძემ.