"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

30 ოქტ 2026

"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის შედეგები შეაჯამეს და წლის ბოლომდე დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძუძუს კიბოს სკრინინგის წლიური სამიზნე 17 200 ქალის გამოკვლევა იყო. 

ამ ეტაპზე სკრინინგი უკვე 16 900 ქალს ჩაუტარდა. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას, კომბინირებული სკრინინგების ფარგლებში დაგეგმილი 100 ათასი გამოკვლევიდან ამ დროისთვის 85 ათასია შესრულებული.

ცენტრში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება და შესაძლოა დაგეგმილ სამიზნესაც გადააჭარბოს. 

კამპანიის მიზანი ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და მოსახლეობაში პრევენციული გამოკვლევების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.