საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს კითხვა-პასუხის რეჟიმში მომავალი კვირიდან განაახლებს

01 ნოე 2026

რვა სხდომა, ერთი საქმე და ხუთი პოლიტიკური სუბიექტის ბედი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - სხდომები რვა დღეში კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. "ქართული ოცნების" სარჩელით, მათ ბრალი ედებათ არაერთი მიმართულებით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში და უცხოური ძალების მითითებებით ქმედებებში.

სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", "ფედერალისტები", გახარიას პარტია და "ლელო" არიან. სასამართლო სხდომებში, ფედერალისტების გარდა, ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობს. ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩელზე საუბრობენ.

სარჩელის ავტორები კი ასაკრძალი პარტიების სტრატეგიას სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად მიიჩნევენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა ჯერ შუამდგომლობების წარდგენის, შემდეგ კი ახსნა-განმარტებების ეტაპები გაიარეს.