02 ნოე 2026
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შიდა ტურიზმის კამპანიაში "გამომყევი აჭარაში" მეორე ადგილი ბათუმელმა კონტენტ კრეატორმა ხვიჩა ასამბაძემ დაიკავა. მისმა ვიდეოებმა სოციალურ ქსელებში 104 627 525 წვდომა დააგროვა. ხვიჩა ასამბაძე კამპანიის სხვა მონაწილეებთან ერთად გადაცემა "ახალ დილას" სტუმრობდა.
ხვიჩა ასამბაძის თქმით, წელს იმ აჭარას გაეცნო, რომელიც აქამდე ეგონა, რომ იცოდა.
"აჭარის აღმოჩენა არასდროს მთავრდება. მე პირადად, როგორც მონაწილე, ვამბობ, რომ წელს აღმოვაჩინე ის აჭარა, რომელიც აქამდე მეგონა, რომ ვიცოდი, მაგრამ თურმე არ მცოდნია... დამჭირდა, რომ რაღაც განსხვავებული ვიდეოები მეკეთებინა, სულ ამ ძიებაში ვიყავი. წელს აღმოვაჩინე ის აჭარა, თურმე სადაც ვცხოვრობ", - აღნიშნა ასამბაძემ.
ხვიჩას ვიდეოები ძირითადად გასტრონომიული ხასიათისაა. წელს ის ქობულეთურ კერძ მაჯუნს გაეცნო, ასევე უსახელო ყურძენს, რომლის ჯიშის წარმომავლობა, მისი თქმით, უცნობია.
"წელს, მაგალითად, აღმოვაჩინე მაჯუნი-ქობულეთური კერძი. კიდევ უსახელო ყურძენი, რომლის ჯიშის წარმომავლობა არავინ იცის. ჩამოდიან მეცნიერები, იღებენ სინჯებს და ვერ ადგენენ“, - განაცხადა ხვიჩა ასამბაძემ.
მისი თქმით, ეს ისტორია მისთვის ძალიან საინტერესო და გასაოცარი აღმოჩნდა. ახალბედა კრეატორებს კი ხვიჩა კომპლექსების გარეშე მუშაობას ურჩევს.
"მე ვარ ჩვეულებრივი ხვიჩა ასამბაძე, ყოველდღიურობაში შემიძლია რაღაც გადავიღო და უბრალოდ გადმოვცე. კომპლექსი არ უნდა გქონდეს, როცა ამ საქმიანობაში ხარ“, - ამბობს ასამბაძე.
ხვიჩამ სამომავლო იდეაზეც ისაუბრა: "გურულებსა და აჭარლებს საერთო მთა აქვთ, თუმცა საერთო დღესასწაული არა".
მისი სურვილია, ასეთი დღესასწაული დაარსდეს.