"მუზეუმთმცოდნეობა“ - საქართველოში 1984 წლის შემდეგ პირველად ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

03 ნოე 2026

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და ისტორიკოსმა ერმილე მესხიამ, სახელმძღვანელო „მუზეუმთმცოდნეობა“ გამოსცა. რვა თავისგან შემდგარი წიგნი მუზეუმების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, მართვის თანამედროვე პრინციპებსა და სამუზეუმო მუშაობის ფორმებს მოიცავს. ავტორის თქმით, საქართველოში ამ მიმართულებით მსგავსი სახელმძღვანელო 1984 წლის შემდეგ არ გამოცემულა.

მისივე თქმით, წიგნზე მუშაობას რამდენიმე წელი დასჭირდა. სახელმძღვანელო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა. 

"მუზეუმთმცოდნეობა საქართველოში წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებელი პროგრამის, ისე სასწავლო კურსების სახით. ამიტომ გაჩნდა სასწავლო ლიტერატურის მომზადების აუცილებლობა, ვინაიდან 1984 წლის შემდეგ საქართველოში ანალოგიური გამოცემა არ განხორციელებულა. ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მუზეუმების წარმოშობისა და განვითარების ისტორია, ასევე მუზეუმის მართვის პრინციპები და სამუზეუმო მუშაობის ფორმები“, - განაცხადა ერმილე მესხიამ გადაცემა „ახალი დილის“ ეთერში.

წიგნში განსაკუთრებული ადგილი აჭარის სამუზეუმო გამოცდილებას ეთმობა. ავტორმა საქართველოში არსებული 250-ზე მეტი მუზეუმიდან აქცენტი რეგიონულ და დიდ ქალაქებში არსებულ მუზეუმებზე, არქიტექტურულ ნაკრძალებსა და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ სივრცეებზე გააკეთა.

„მთელი 90-იანი წლები, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი და განუკითხაობა იყო, შემიძლია ხმამაღლა და თამამად ვთქვა, რომ მაშინ აჭარაში კულტურა განსაკუთრებულ პატივში იყო და ძალიან ბევრი მუზეუმი გაიხსნა ბათუმში, მუნიციპალიტეტებში. სამუზეუმო ქსელის განვითარებას აჭარაში დიდი ამაგი დასდო მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ბატონმა თემურ კომახიძემ. ეს ისტორია ამ წიგნში, რა თქმა უნდა, გაშუქებულია და ჯეროვანი ადგილი აქვს დათმობილი. ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოში დღეს მხოლოდ ერთია, მაშინ როცა ევროპაში, მაგალითად, შვედეთში ხუთი-ექვსი მუზეუმია, პოლონეთში - ოთხი, გერმანიაშიც არის. ჩვენც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ საქართველოს ყველა მხარეში იყოს წარმოდგენილი ეთნოგრაფიული მუზეუმები“, - აღნიშნა ერმილე მესხიამ.

მისივე თქმით, ღია ცის ქვეშ მუზეუმები თანამედროვე ტურიზმში განსაკუთრებით აქტუალურია და მხოლოდ დათვალიერების ობიექტს არ წარმოადგენს.

„ეს არის რეკრეაციული ზონა, სადაც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი და ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ დაისვენონ, სანახაობით დატკბნენ. აგრეთვე აქ წარმოდგენილი სახელოსნოები, კაფე-ბარები და სხვადასხვა სერვისი თანამედროვე ახალგაზრდებსა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს იზიდავს“, - აღნიშნა ერმილე მესხიამ.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, მუზეუმების თანამშრომლებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. წიგნი მცირე ტირაჟით გამოიცა, თუმცა მისი ელექტრონული PDF ვერსია უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს ეგზავნება.