შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ალიანსმა "ნაციონალური მოძრაობა" ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობაა"

03 ნოე 2026

ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, რადგან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს​ ლოგოსა და სიმბოლოებს.

„ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ლოგოსა და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს. იქ ვინ არ არის „ნაცი“ – ბოკერია, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე – მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვინახავს. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.