ირაკლი კირცხალია კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად, საკონსტიტუციოში სამართლდება ძალა, რომელიც იყო ავტორი, რომ ქვეყანა ერთ დიდ ციხის საკნად ექციათ - უნდა შევადაროთ, რა ხდება დღეს

03 ნოე 2026

კოტე კემულარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში მასშტაბურად ერეოდა, რის გამოც გამამართლებელი განაჩენები იშვიათი იყო.  ამის შესახებ პოლიტიკოსმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

კემულარიას შეფასებით, პროკურატურის გავლენა განსაკუთრებით დიდი იყო ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში. მისი თქმით, მოსამართლეებს საჯაროდ მოუწოდებდა, არ დამორჩილებოდნენ პროკურატურას და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღოთ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებში პროკურატურის ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა, სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო".

''ისეთი მტკიცებულებებით მიდიოდნენ, ისეთი საქმეებით მიდიოდნენ სასამართლოში და ისეთი ზეწოლით მწამებლური რეჟიმი, რომ რა გასაკვირია, ხდებოდა იმ განაჩენების გამოტანა, რომელ განაჩენებსაც ვხედავდით, წარსულში რაც იყო, ჩვენ შევაფასეთ, საზოგადოებამ შეაფასა, ხალხი მსჯავრდებულია და პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც ამ რეჟიმის ავტორი და ამ ქმედებების ავტორი იყო და რომელიც იყო ავტორი იმისა, რომ გადაექციათ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ციხის საკნად.

უნდა შევადაროთ რა ხდება დღეს, სად არის სასამართლო დღეს, სად არის პროკურატურა დღეს, სად არის მტკიცებულების მტკიცებულების სტანდარტი?

შევადაროთ რამდენია პროპორციულობა გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი განაჩენის, ავიღოთ და შევადაროთ რამდენი საქმეა წასული სტრასბურგში და რამდენი იყო - რამდენი საქმე მიდიოდა და თუ რამეა წასული, რა პასუხია დაბრუნებული იქიდან, თუნდაც გახმაურებულ საქმეებს რომ შევეხოთ'' - განაცხადა კირცხალიამ.