04 ნოე 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია 39 წლისთავს აღნიშნავს. მაუწყებლის სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ახალ პროექტებზე გადაცემაში "ახალი დილა" ტელევიზიის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ ისაუბრა.
ირაკლი კიკვაძის თქმით, მთავარი მიზანი მაუწყებლისთვის ადაპტირებული, კომფორტული შენობის შექმნაა, ხოლო უმთავრესი პრიორიტეტი კი, მაყურებლის ნდობის გამართლებაა.
"აჭარის ტელევიზია პირველ რიგში წარმომიდგენია საკუთარი შენობით, სადაც ყველაფერი იქნება, რაც სჭირდება ტელევიზიასა და რადიოს, მაუწყებლობისთვის გამართულად რომ იმუშაოს. ეს არის აუცილებლად ის სივრცე, რომელიც იქნება ადაპტირებული მთლიანად მაუწყებელზე და იქ ადამიანებს კომფორტულად შეეძლებათ თავისი საქმის გაკეთება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ამოცანა და ძალიან დიდი მიზანია.
ჩვენი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ორიენტირება ჩვენს მაყურებელზე, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დანიშნულება, დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც აფინანსებს ამ მაუწყებელს. მთლიანად მორგებული უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“, - აღნიშნა ირაკლი კიკვაძემ.
ირაკლი კიკვაძემ ყურადღება გაამახვილა ტელევიზიაში მომუშავე სტაჟიორებზეც და აღნიშნა, რომ მათი ენთუზიაზმი მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
"ეს ენთუზიაზმი დღესაც გრძელდება, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია იმ პროდუქტის შექმნა, რომელსაც მაყურებელი იმსახურებს. 39 წლის თავზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ჩვენთან სტაჟიორები მუშაობენ. ეს ლაღი ბავშვები მთელი შემართებით, ისე აკეთებენ საქმეს, თითქოს უკვე დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან", - განაცხადა დირექტორმა.
მომავალი თაობის განვითარებაზე საუბრისას, ირაკლი კიკვაძემ აღნიშნა, რომ თოჯინების თეატრში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი პროდუქტის შექმნა მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
"ტელევიზიას და რადიოს უფრო მეტი ვალდებულება აკისრია ამ მხრივ და ამიტომ ძალიან სენსიტიური თემაა მომავალი თაობისთვის განკუთვნილი პროდუქტი. ვფიქრობ, ჩვენი ძალებით და შემართებით, ვინც აქ ვიმყოფებით, მომავალ თაობას შევუქმნით ისეთ საჭირო პროდუქციას, რომელიც მათ განვითარებაში დაეხმარება. ეს იქნება საბავშვო თუ თინეიჯერული გადაცემა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ზედმიწევნით, დიდი დამუშავებით“, - აღნიშნა ირაკლი კიკვაძემ.