დურსუნ კონცელიძე: აჭარის ტელევიზია ჩემთვის მხოლოდ ისტორია არ არის, ეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია

04 ნოე 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო 39 წლისაა. მაუწყებლის დაარსების დღესთან დაკავშირებით, გადაცემაში „ახალი დილა“ ტელევიზიის იმიჯმეიკერმა, ყოფილმა ჟურნალისტმა დურსუნ კონცელიძემ გაიხსენა, როგორ დაიწყო მუშაობა აჭარის ტელევიზიაში და რა გზა გაიარა მაუწყებელმა წლების განმავლობაში.

დურსუნ კონცელიძე ტელევიზიაში 1991 წლის აპრილში მივიდა. მისი თქმით, აჭარის ტელევიზია მისთვის მხოლოდ ისტორია არ არის, ეს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

"1987 წლის 4 ნოემბერი ყველასთვის ცნობილი თარიღია, მაგრამ პირადად მე 1991 წლის აპრილში, გაზაფხულზე მოვედი. როდესაც ვსაუბრობთ აჭარის ტელევიზიაზე, ეს ჩემთვის მხოლოდ ისტორია არ არის, ეს არის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი განვლილი პერიოდი, ეტაპები არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების. როდესაც ტელევიზიაში მოვედი, უკვე სამი წლის დაარსებული იყო, თუმცა ჩემი მოსვლის შემდეგ დღევანდელი გადასახედიდან ძალიან განსხვავებული ეტაპები გავიარეთ, ცა და დედამიწასავით განსხვავდება მაშინდელი და დღევანდელი ტელევიზია“, - აღნიშნა დურსუნ კონცელიძემ.

მისი თქმით, იმ პერიოდში ტელევიზიაში მუშაობას ტექნიკური სირთულეები და შეზღუდული შესაძლებლობები ახლდა, თუმცა მთავარი საქმისადმი სიყვარული, ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი იყო.

"თუ ხაზს არ გავუსვამთ ტექნიკურ სიდუხჭირეს, შეზღუდულ საშუალებებს და იმას, რომ არანაირი კომფორტი არ იყო, მაშინ მთავარი იყო ენთუზიაზმი, შემართება, საქმისადმი სიყვარული, პროფესიონალიზმი და მაყურებლის ნდობა და სიყვარული. მაყურებლის სიყვარული დღემდე ჩემშია - იმ დროს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა კონცელიძემ.

დურსუნ კონცელიძემ გაიხსენა, რომ წლების წინ გადაცემების მომზადება და მონტაჟი დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მისი თქმით, მაშინდელი ტელევიზია უმეტესწილად პირდაპირ ეთერს, ადამიანურ რესურსებსა და პროფესიონალიზმს ეყრდნობოდა. დღეს კი მაუწყებლობის ტექნიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

"თვალი რომ გადავავლოთ იმ პერიოდს, თვალწინ მიდგას, რა სირთულეებით კეთდებოდა ნებისმიერი გადაცემა, ნებისმიერი მონტაჟი. აჭარის ტელევიზია და მაშინდელი ქართული ტელევიზია უმეტესწილად პირდაპირ ეთერზე, ადამიანურ რესურსებსა და პროფესიონალიზმზე იყო დაყრდნობილი. დღეს ძალიან დიდი განსხვავებაა, მულტიმედიური პირობები, ციფრული პირობები, მონტაჟი, ხმა, განათება", - აღნიშნა დურსუნ კონცელიძემ.

აჭარის ტელევიზიაში 22 წლის შემდეგ დაბრუნებული დურსუნ კონცელიძე ამჟამად იმიჯმეიკერის პოზიციაზე მუშაობს. როგორც თავად აღნიშნავს, წარსულში მიღებული სატელევიზიო გამოცდილება, მისთვის დღევანდელ საქმიანობაში მთავარი საფუძველია.