04 ნოე 2026
აჭარაში ციტრუსის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი უკვე გაიხსნა. წელს რეგიონში 40 000 ტონაზე მეტ მანდარინის მოსავალს ელოდებიან - ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ გადაცემაში "ახალი დილა“ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი იქნება, საწარმო კი 5 თეთრს დაამატებს. შედეგად, ფერმერი 1 კილოგრამში ჯამში 40 თეთრს მიიღებს.
"შტაბი ორი მიმართულებით იმუშავებს - ერთი არის საექსპორტო ლოგისტიკის ხელშეწყობა, მეორე კი არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარება და გადამუშავება. ჩვენი მიზანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში მაქსიმალურად დავეხმაროთ.
წელს გათვალისწინებულია სუბსიდია არასტანდარტულ ციტრუსზე. 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე 40 თეთრია განსაზღვრული - 35 თეთრს სახელმწიფო იხდის, 5 თეთრს კი საწარმო ამატებს. სეზონზე რეგიონში 20-მდე პავილიონი იმუშავებს, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას კი სამი გადამამუშავებელი საწარმო უზრუნველყოფს - ორი ქობულეთში და ერთი ქედაში. მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება 24-საათიან ცხელ ხაზზე - 1501-ზე შეეძლებათ.
ასევე პირველად, დაახლოებით 4 000 ტონაზე უკვე არის მოთხოვნა და შუა აზიის ქვეყნებში გვექნება წელს ექსპორტი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რომ ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს“, - აღნიშნა დენის სალუქვაძემ.