04 ნოე 2026
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის ახალი რეკომენდაციებითა და მოთხოვნებით გამოქვეყნდა.
ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს, რომელშიც უცხოელ ექსპერტებს გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეთ.
ევროკომისია ასევე მოითხოვს აქციებთან დაკავშირებული საქმეების გადახედვას. დოკუმენტში ძალადობის მუხლით გასამართლებული პირები თვითნებურად დაკავებულებად არიან მოხსენიებული.
ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული ხელისუფლების გადაწყვეტილებაც, 2028 წლამდე არ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
ამავე გზავნილებზე ისაუბრა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც.
ოპოზიციაში ევროკომისიის ანგარიშს ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკულ შეფასებად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა ქვეყანა ევროპულ კურსს დააშორა და პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება.
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კურსის ერთგულია - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ საქართველოსთან ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.
მათი თქმით, ანგარიში საქართველოსთან სათანადო კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე მომზადდა.
ამასთან ერთად, ხელისუფლებისთვის მიუღებელია პოზიცია, რომ სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაში ევროკავშირი ჩაერიოს და მოსამართლეები თავად დაუნიშნოს საქართველოს, რაც, მათი თქმით, ტიპური ვასალური დამოკიდებულებაა დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ.